დღეს აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ოთხი პირი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
მოსამართლემ მტკიცებულებების წარსადგენად მხარეებს დრო მისცა და პროცესი ზეგ ჩაინიშნა.
როგორც ერთ-ერთი დაკავებული ლევან გორგილაძე აცხადებს, ისინი უკანონოდ დააკავეს.
“ჩემი მეგობარი დააკავეს. დამაინტერესა, თუ რატომ იყო დაკავებული და გავყევი. სანამ მივედი ჩემს მეგობართან, უკან პოლიციელების ხმა მესმოდა, ესეც დააკავეთო.
შვიდმა პოლიციელმა ამიყვანა ხელში და მანქანაში შემტენეს. არავინ არ ამიხსნა, რის გამო ვიყავი დაკავებული. ოქმი შეადგინეს, სადაც აბსურდი ეწერა, რომელსაც ხელი არ მოვაწერე. არ ვეთანხმები და იმიტომ.
იქ ეწერა, რომ მე სიტყვიერ შეურაცხყოფას ვაყენებდი პოლიციელებს და კორდონი შევანგრიე. მსგავს ფაქტს არ ჰქონია ადგილი.
გამომიშვეს, რადგან მომჩივანს მოსთხოვეს ვიდეომტკიცებულებები, სადაც მე შეურაცხყოფას ვაყენებდი პოლიციას, რაც არ აქვთ და არც ექნებათ მსგავსი ვიდეოკადრები, იმიტომ რომ არ არსებობს”- განაცხადა ლევან გორგილაძემ.
შეგახსენებთ, დღეს აქციაზე პერფორმანსის დროს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი პირი დააკავეს, ხოლო ერთი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











