დროა, ჯაფარამ საკუთარი პოზიცია გამოხატოს, რადგან რასაც ვუყურებ ჩემი მლანძღველების ნაწილი მისი მეგობარი და დამფინანსებელია, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ის არ არის იდეალური ადამიანი, შეცდომებს უშვებს, ზოგჯერ ადამიანებს გულსაც ტკენს.
„დროა ჯაფარამ საკუთარი პოზიცია გამოხატოს, რადგან რასაც ვუყურებ ჩემი მლანძღველების ნაწილი მისი მეგობარი და დამფინანსებელია. უფრო გასაგებად რო ვთქვათ, გირჩში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს რომ გირჩი ერთკაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს. ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს, სადაც შანსი აქვს ლანძღავს. ეს ხალხი შანსს არ უშვებს, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან თავს დამესხას და არ დამკორტნოს. ყველა ჩემი შეცდომა ნაღიარები მაქვს ვიღაცასთან და სადაც მოსახდელია იქ ბოდიშსაც ვიხდი. მაგრამ სადაც ბოდიში მოსახდელი არაა და იხდი ეგ არც ბოდიშია და არც არაფერს გამოასწორებს.
ჩემთვის ეს ტალახის კამპანია შანსია, საზოგადოებას ავუხსნა, როგორ ვუყურებ ადამიანს და მის თავისუფლებას. სინამდვილეში, ძალიან მარტივად არის საქმე, მე მჯერა, რომ არ შეიძლება ადამიანის ციხეში ჩასმა მიუხედავად იმისა, თუ რა ნახა და სხვას მოუყვა ამის შესახებ”, – წერს ხვიჩია.
„გირჩის“ წარმომადგენლის იაგო ხვიჩიას კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა. ის სოციალურ ქსელში 2 დეკემბერს, ადამიანის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა.











