დღევანდელი მდგომარეობით, ახალი შემთხვევების რაოდენობა, ბოლო პერიოდში, უჩვეოლოდ დაბალია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, შემთხვევათა რაოდენობის შემცირება გარკვეულწილად ტესტირების შედარებით დაბალ ინტენსივობას უკავშირდება, თუმცა ეპიდსიტუაციის სტაბილიზების გარკვეული ნიშნები აღინიშნება.
„დღევანდელი მდგომარეობით, ახალი შემთხვევების რაოდენობა, ბოლო პერიოდში, უჩვეოლოდ დაბალია. იყო 1 337 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 498 ადამიანი. გარკვეულწილად, ეს შაბათ-კვირას, ტესტირების შედარებით დაბალ ინტენსივობას უკავშირდება, 6 ათასზე ოდნავ მეტი ტესტი შესრულდა გუშინ, თუმცა, დადებითობის მაჩვენებელი სტაბილური რჩება და მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაციის სტაბილიზების გარკვეული ნიშნები აღინიშნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია სტაბილიზაციის ნიშნები აჭარის რეგიონში. აქ ეპიდემიის მატება უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ, მიმდინარე პერიოდში, შემთხვევების გარკვეული კლება აღინიშნება. კიდევ ერთი კვირის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ ამ ტენდენციას, ვიდრე საბოლოო, მყარი დასკვნა გვექნება იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემიის მიმდინარეობა“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.











