კახეთში ტაქსის მძღოლების გაფართოებული ტესტირება დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად, ტესტირების პროცესში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიც ჩაერთვებიან. თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია ჯღუთაშვილის ინფორმაციით, მძღოლებმა ტესტის ჩატარება უკვე დაიწყეს.
„ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია ამის თაობაზე და მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით, ვეკონტაქტებით ყველას. ტესტირება, ფაქტობრივად სავალდებულოა, რადგან ლოქდაუნის პირობებში, ტაქსს მეტი მომხმარებელი ჰყავს. ვინც 72 საათის განმავლობაში არ გატესტილა, ყველას შეუძლია უშუალოდ ჩვენ მოგვმართოს. თუ არადა, საავადმყოფოს მიაკითხოს, სადაც ასევე უსასყიდლოდ მოემსახურებიან“ – განაცხადა ჯღუთაშვილმა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას.
თელავში ტაქსების სამი კატეგორია მუშაობს. მძღოლების ერთი ჯგუფი, თბილისის მიმართულებით მოძრაობს, მეორე ქალაქის სხვადასხვა უბნებში გადაადგილდება , ხოლო ტაქსების მესამე კატეგორიას მგზავრები წრიული, ბაზრისა და რკინიგზის სადგურის მიმართულებით გადაჰყავს. ტაქსების სამივე ჯგუფი , თელავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას და მათი რიცხვი, ასზე მეტია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











