აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, ჰოსპიტალიზებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ანქვაბი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობს.
მედიკოსების ინფორმაციით, დე ფაქტო პრემიერის მდგომარეობა სტაბილურია და უარყოფითი დინამიკა არ ფიქსირდება. თუმცა აღნიშნავენ, რომ საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება საავადმყოფოს პირობებში.
კორონავირუსი აქვს ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასაც, რომელიც თვითიზოლაციაშია.
დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ავტორი: თეა შონია











