დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კით კრაჩის განცხადებას მიესალმება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისისა და მისი სტრატეგიულ პარტნიორის თანამშრომლობის დონე უმაღლეს ნიშნულზეა.
„საქართველომ გააფორმა მემორანდუმი 5G-ის მიმართულებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. ასევე, რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ შევუერთდით ე.წ. სუფთა ქსელების ინიციატივას, სადაც არის 60-მდე ქვეყანა გაერთიანებული. ეს არის ქვეყნები, ვისაც საერთო ღირებულებები და მისწრაფებები აქვს, რომლებიც მიისწრაფვიან, მაღალი ტექნოლოგიები იყოს დანერგილი, ის ტექნოლოგიები, რომლის სტანდარტები სრულ შესაბამისობაში არის ევროკავშირისა და ნატო-ს სტანდარტებთან. საქართველო, როგორც ქვეყანა მიისწრაფის ევროპისკენ და ნატოსკენ და ბუნებრივია, თანხვედრაში ვართ ჩვენი საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის პრიორიტეტებთან. ჩვენი ეკონომიკაც, ეს ეკონომიკური მიმართულებები უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში ჩვენს ქმედებებთან.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის დონე გვაქვს უმაღლეს ნიშნულზე. ჩვენი სურვილია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა იყოს იმ დონეზე აყვანილი, რა დონეზეც ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა თავდაცვის, უსაფრთხოების, პოლიტიკური მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლების განმავლობაში, უშუალოდ წლევანდელი წელი, ისევე როგორც გასული წელი, მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგის მომტანი იქნება. საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის ეკონომიკური განზომილება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, როგორც გაფორმებული მემორანდუმის თვალსაზრისით, ისე ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის განვითარების თვალსაზრისით, გვქონდეს მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი“, – განაცხადა მინისტრმა.











