ბათუმის ბულვარში მიმდინარე აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, „გაერთიანებული ოპოზიციისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ყოფილი წევრის ირაკლი ჩავლეიშვილის გამოჩენას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
„24 საათი ახალგაზრდები ღამეებს ვათენებთ მთავრობის სახლთან ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენთან ერთად იდექი და უმაღლეს საბჭოში შედი, გვიღალატე შენი კომფორტისთვის. სამარცხვინო ხარ. რა ნამუსით გამოდიხარ ბათუმის ქუჩებში, აქ როგორ გაბედე მოსვლა, დატოვე ტერიტორია. მონა ხარ, ყოველთვის შეგიქმნით დისკომფორტს, სადაც შეგხვდებით“,- მსგავსი შეძახილებით ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
სამართალდამცავებმა ირაკლი ჩავლეიშვილი ტერიტორიიდან გაიყვანეს, თუმცა აქტივისტები მას უკან მისდევდნენ „მონას“ შეძახილებით.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის არჩევნებს აჭარაში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა და შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა უმაღლესი საბჭოს მანდატზე უარი თქვა. თუმცა მოგვიანებით, ერთ-ერთი მათგანი, ირაკლი ჩავლეიშვილი, უმაღლეს საბჭოში შევიდა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











