კახეთში კოვიდსასტუმროები აღარ იმუშავებენ. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებს, საჭიროების მიხედვით, თბილისის კოვიდსასტუმროებში გადაიყვანენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში კოვიდსასტუმროების დახურვა, პაციენტების სიმცირემ გამოიწვია.
„უკვე აღარ იყო საჭირო კოვიდსასტუმროების შენარჩუნება. მაგალითად, იანვრის თვეში, 7- 8 პაციენტი იყო მხოლოდ სასტუმროში. იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ამის სურვილი და საჭიროება აქვს, 112- ს დაუკავშირდება და თბილისში გადაიყვანენ“,- განაცხადა ხიზანიშვილმა.
კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, კახეთის რეგიონში, სამი კოვიდსასტუმრო ფუნქციონირებდა.
სასტუმროებში კოვიდ-19-ით დაავადებული მსუბუქი პაციენტები გადაჰყავდათ, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობაც უტარდებოდათ.
კოვიდსასტუმროებში გადაჰყავდათ, ის პირებიც, რომლებსაც ორ კვირიანი თვითიზოლაცია სჭირდებოდათ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











