უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის საგადასახადო, სასამართლო და საბაჟო სისტემები რეფორმირებას საჭიროებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებს სასამართლო სისტემა. უკრაინაში სამართლიანობა არ არსებობს, ვინაიდან არ გვაქვს სამართლიანი სასამართლოები. ყველაფერი რადიკალურად უნდა შეიცვალოს, რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ ამის კონცეფციას წარვადგენთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ცვლილებები შეეხება საგადასახადო სფეროსაც.
„უნდა გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადი და დაწესდეს გადასახადი ქვეყნიდან გაყვანილ კაპიტალზე. კიდევ ერთი წინადადება ითვალისწინებს საპროცესო შეთანხმებებს პროკურატურასა და იმ პირებს შორის, რომლებმაც სახელმწიფოს ფული მოპარეს – თუ ისინი ფულს ბიუჯეტში დააბრუნებენ, ციხეში ჯდომა არ მოუწევთ. ამ გზით საქართველოს ბიუჯეტში 2 მილიარდი დოლარი დავაბრუნეთ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.











