სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დღეს ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლები პირველად საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება 2021 წლის 26 თებერვალს, ქ. ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლები ამ ეტაპზე ატარებენ პირველად საგამოძიებო მოქმედებებს – ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება. ასევე, ხდება მოწმეთა იდენტიფიცირება მათი გამოკითხვისა და მათთან სხვა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. დღესვე, დაინიშნება სამედიცინო ექსპერტიზა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შსს-ის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარი ყაჩაღობის ფაქტიდან ცხელ კვალზე დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. უწყების ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან უკიდურესი ღონისძიების სახით საპასუხო სროლა მოჰყვა. პოლიციელებმა შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი – 1996 წელს დაბადებული პირი უგონო მდგომარეობაში ნახეს და ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.











