ცოტა ხნის წინ გუმათჰესთან პოლიციასა და აქტივისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი იყო. სამართალდამცველები სოფელ ნამოხვანში არ უშვებდნენ რიონის ხეობის „მცველებს“ და მათ მხარდამჭერებს, რომლებმაც ქუთაისში აქციის დასრულების შემდეგ მსვლელობა მოაწყვეს.
ერთ-ერთი აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მათ კარავი სოფელ ნამოხვანში აქვთ გაშლილი და იქ შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.
„სხვა გზით მაინც მივედით კარვამდე“, – ამბობს გოლეთიანი.
ცნობისთვის, დღეს ქუთაისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.
ავტორი: კესო მოლაშხია










