აჭარის მთავრობის სახლთან ორი დღის განმავლობაში პანდემიის გამო სამსახურების გარეშე დარჩენილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი აქციებს მართავდა. მათ შორის რამდენიმე აქციის მონაწილე შიმშილობდა.
მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესთან შეხვედრის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა კვირის ბოლომდე შიმშილობა და აქციები დროებით შეაჩერეს.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს შეასრულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორშაბათიდან მდუმარე აქციებს განაახლებენ.
„ორგანიზატორებმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ. ამის მიზეზი არის თორნიკე რიჟვაძის დაპირება, რომ მაქსიმალურად შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. დღეს მე შევხვდი რამაზ ჯინჭარაძეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ჩაიწერეს ჩემი მონაცემები, დავაფიქსირეთ ჩვენი პრობლემები. დაგვპირდნენ მაქსიმალურ რეაგირებას შესაძლებლობის ფარგლებში. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი მოთხოვნები მინიმალურია და უნდა შესრულდეს. დაველოდებით პასუხებს და პასუხების მიხედვით ვიმოქმედებთ. თუ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნები, მაშინ სხვა ფორმატით დავიწყებთ აქციების გამართვას“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოშიმშილე გიორგი გორგილაძემ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ორშაბათიდან მდუმარე აქციებს დაიწყებენ.
„გუშინდელი დღიდან მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის დაპირებები, რაც გუშინ და დღეს მივიღეთ, შესრულდება. გვითხრეს, რომ კვირის ბოლომდე მუშაობა მიმდინარეობს საბანკო სექტორთან და ცდილობენ მაქსიმალურად დაგვეხმარონ. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა მაქსიმალურად იქნება დაკმაყოფილებული. ველოდებით კვირის ბოლომდე. თუმცა, თუკი ამ პერიოდში არ იქნება არანაირი შედეგი, ვაანონსებთ ახალ აქციას. ეს იქნება მდუმარე აქცია. არანაირი სკანდირება, არანაირი ბანერები, ეს იქნება მდუმარე აქცია. მოვალთ, დავჯდებით და ვიჯდებით. თუ ჩვენი ხმა ვერ გაიგეს, ჩვენი მდუმარება მოისმიმონ“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები მოითხოვენ საბანკო და მიკროსაფინანსო სესხების გადავადებას 0% -ით, სახელმწიფოს საკომპენსაციო თანხის მომატებასა და გაგრძელებას, წინა გადავადებულ სესხებზე დაკისრებული პროცენტების ჩამოწერას, ქირით მცხოვრებთათვის დახმარებას, ბავშვების სკოლაში დაბრუნებას, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, საპენსიო დანაზოგის დაბრუნებას, საზღვრების გახსნას, სამუშაო ადგილების დაბრუნებას.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











