„მოძრაობა ხალხისთვის“ დამფუძნებელი ანა დოლიძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან, გიორგი ქობულიასთან პოლიტიკურ კონსულტაციებს არ აწარმოებს, თუმცა მიანიშნებს, რომ იმავეს საკუთარ კოლეგებზე ვერ იტყვის.
დოლიძეს თქმით, ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად პოლიტიკაში ყოფნას ისურვებდა, თუმცა კვირიკაშვილის პოლიტიკური გეგმების შესახებ არაფერი იცის.
ანა დოლიძე: ჩვენი პლატფორმა არის ფართო მიმართულების, ჩვენ ვეძახით ყველას, ვინც იზიარებს ჩვენს ფასეულობებს. ეს არის სუფთა წარსული, დასავლური ორიენტაცია, შრომა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. კონსულტაციები მიმდინარეობს ძალიან ბევრ ადამიანთან.
– პოლიტიკურ კონსულტაციებს ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან, გიორგი ქობულიასთანაც აწარმოებთ?
– გიორგი ქობულიასთან კომუნიკაცია დიდი ხანია არ მქონია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ იგივე არის ჩემს კოლეგებთან მიმართებაში. მთავარია, რომ გადაწყვეტილებას, როგორ გაფართოვდება გუნდი, ჩვენ ერთად ვიღებთ.
– ამბობთ, რომ თქვენი კოლეგები აწარმოებენ ქობულიასთან კონსულტაციებს?
– არ ვიცი. ამ ეტაპზე მე ვარ ინფორმირებული მხოლოდ ჩემი შეხვედრების შესახებ.
– რამდენიმე თვის წინ ქობულიასთან ალიანსი არ გამორიცხეთ. ციტირება – “თუ გიორგი ქობულია ჩვენს მოძრაობაში იქნება, სიამოვნებით წარგიდგენთ”. რა შეიცვალა ამის შემდეგ?
– არ ვიცი ხართ თუ არა ინფორმირებული, გიორგი ქობულიამ მიატოვა საქართველო და სხვაგან მუშაობს, ამიტომ მასთან კომუნიკაცია არ მქონია.
– თქვენმა თანამოაზრემ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად პოლიტიკაში ყოფნას ისურვებდა. თქვენც იმავე აზრზე გაქვთ?
– კი, ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი გიორგი კვირიკაშვილის მიმართ. არ ვიცი მისი პოლიტიკური გეგმების შესახებ. პოზიტიურად ვარ განწყობილი მისი საზოგადოებრვი და პოლიტიკური აქტიურობისადმი, დანარჩენი ვნახოთ.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











