“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ელისაშვილის ინიციატივას, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განხილული იყოს როგორც პლებისციტი არარეალისტურს უწოდებს, რადგან “ქართული ოცნება” მოლაპარაკებებზე ამ დათმობაზე არ წამოვა.
“არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ჩემი აზრით მაგ შეთავაზებას და ეს ისედაც ნათელია. პერსპექტივა იმისი, რომ მაგაზე ოცნება წამოვიდეს, მაგის ალბათობა არის პრაქტიკულად ნულის ტოლი, ისევე როგორც ის, რომ შიგნით, ოპოზიციის შეთანხმება მოხდეს მაგაზე, ასევე არის ნულის ტოლი …
შეიძლება ვიღაცის გადმოსახედიდან იყოს კარგი იდეა და კომპრომისული ვერსია, მაგრამ, ერთი, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ეგ ინიციატივა არ გაჟღერებულა, მეორე — ჩემი აზრით, არის სრულიად უპერსპექტივო”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში.
ჯაფარიძის თქმით, გამოსავალი ბრძოლაშია და „ოცნებამ“ საბოლოოდ ხელისუფლება უნდა დათმოს.
„გამოსავალი არის ბრძოლაში. მე სხვა გამოსავალი არ ვიცი. გამოსავალი არის ის, რომ „ოცნებამ“ საბოლოოდ ხელისუფლება უნდა დათმოს. აქამდე უნდა მივიდეთ წყნარად, მშვიდობიანად, ცივილიზებულად. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, ამაზე ბევრი გზის მოფიქრება არის აუცილებელი და შემდეგ გასაკეთებელი. ბრძოლის გარდა, არანაირი გამოსავალი არ არსებობს. ზღაპარი და ილუზიაა ის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ რამეს დათმობს. ამაში იგულისხმება სერიოზული დათმობა ძალაუფლებასთან მიმართებით, რადგან არანაირი მასტიმულირებელი, რომ მათ ძალაუფლება დათმონ, არ არის. არც გარედან აქვთ განსაკუთრებული წნეხი და არც ქვეყნის შიგნით არ იგრძნობა განსაკუთრებული პროტესტი სრულიად გიჟური კორონა რეგულაციების ფონზე, ადამიანები მონების მდგომარეობაში ჰყავთ და ამასაც კი, ძალიან ცოტა ადამიანი აპროტესტებს“,-განაცხადა ჯაფარიძემ.











