„არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს არ გვიხარია ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება, გვესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ გვიწევს“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის მოქალაქეების დაჯარიმების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყოველდღიურად, საღამოს 9 საათზე, რეგულაციების დარღვევისთვის დაახლოებით 100 ადამიანი ჯარიმდება.
„არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს არ გვიხარია ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება. გვესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ გვიწევს ხოლმე. დარღვევები დაახლოებით 1000-მდეა. საქართველოს მასშტაბით, ყოველდღიურად, საღამოს 9 საათზე, რეგულაციების დარღვევისთვის პლიუს-მინუს 100 ადამიანი ჯარიმდება. პირბადეზე კი დაახლოებით 1000-მდე ადამიანი ჯარიმდება. სამწუხაროდ, მაინც ხდება ასეთი დარღვევები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში დაწესებულია წერტილოვანი შეზღუდვები და სხვადასხვა სახის რეგულაციები.











