„არ მინდა წარსულში დაბრუნება, მინდა მომავლისკენ ვიაროთ, ამისთვის ამზადებს „ლელო“ კანდიდატებს, თუმცა იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილი სიაში, ამას აუცილებლად გავასაჯაროვებთ“, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარტიაში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ინტერესების თანხვედრის გამო გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
„პირადად მე შევხვდი და მოლაპარაკება მქონდა გიორგი მარგველაშვილთან და რა შედეგს მივიღებთ, ამას აუცილებლად გავასაჯაროვებთ. ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია სიის რიგითობაზე საუბარი. მთავარი იმ ინტერესთა თანხვედრაა, რომელიც “ლელოს” ლიდერებსა და გიორგი მარგველაშვილს შორის არსებობს.
ეს არის ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება, რაც ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების დაწყებას დააჩქარებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა მძიმე მდგომარეობიდან”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, „ლელოს” ლიდერისთვის უცნობია, თუმცა ღიად აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა მათ პოლიტიკურ ძალას ნდობა გამოუცხადა.










