გიორგი შაქარაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი არასრულწლოვნის ნ.ხ.-ს ადვოკატმა ანა ჟღენტმა დაპირისპირების შესახებ დეტალები ჟურნალისტებს გააცნო.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გოგონებთან ერთად იჯდა, მოპირდაპირე მხარეს მცირედი შელაპარაკება მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანი არც ჩხუბი იყო და არც კამათი. შემდგომში იგი ადგა, რომ რამე პრობლემა არ შექმნილიყო ჩხუბის სახით და უბრალოდ, ჰაერზე სიგარეტის მოსაწევად გავიდა. ამ დროს მას წინ ხვდებიან პირები და როდესაც ეს სიგარეტის მოწევას იწყებს, უკნიდან კიდევ სხვა პირები ურტყამენ ( კიბის ეპიზოდზეა საუბარი).
რაც შეეხება ამ პიროვნებების ამოცნობას, ნამდვილად არ იცნობს. გარდა ამისა, ყველამ ვიცით, რომ ახალგაზრდები ნასვამები იყვნენ, გვიანიც იყო და ბუნებრივია, ვერც იხსენებს, ვინ იყვნენ ის პიროვნებები. მინდა გითხრათ, რომ პირველი გამოკითხვა ადვოკატის გარეშე მოხდა და აღნიშნულის გათვალისწინებით, ვერც დარიგებული იქნებოდა. მან სრული სიმართლე თქვა.
ცემის შემდეგ, მათთან მიდის ჩიქოვანი. ამ შემთხვევაში, ჩიქოვანიც გახდა კამათის მონაწილეც და მას მიაყენეს დაზიანება, კერძოდ კი, თავის არეში. შემდგომში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნ.ხ და ჩიქოვანი მოდიან უკვე თბილისში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გვიან ასეთ მდგომარეობაში სახლში მისვლა არ უნდოდა, იგი უკავშირდება თავის მეგობარს, მეგობარი დახვდა და წავიდნენ მასთან სახლში“- აცხადებს არასრულწლოვანის ადვოკატი.











