საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
როგორც ხმის მიცემის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა,
„მეორე ტურში არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი. ამომრჩეველმა გარდა იმისა, რომ პანდემიის პირობებში არჩევნებში ნდობა გამოუცხადა პოლიტიკოსებს, ასევე დააკისრა პასუხისმგებლობა, ყველამ უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა, პოლიტიკურმა პროცესმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში.
რაც უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა. ასე შენდება ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფო“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს მასშტაბით, 17 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება.
იმ ოლქებში, სადაც პირველ ტურშივე გამოვლინდა გამარჯვებული, ყველა „ქართული ოცნების” წარმომადგენელია. დარჩენილი 17 ოლქიდან მხოლოდ ერთში, გლდანში ლიდერობდა ოპოზიცია.











