არგენტინის პროკურატურა დიეგო მარადონას წინასწარი განზრახვის გარეშე შესაძლო მკვლელობის საქმეს იძიებს. ოფიციალური პირების განცხადებით, მარადონას პირად ექიმს, ლეოპოლდო ლუკეს სამედიცინო დოკუმენტაცია გამოძიების ფარგლებში ჩამოერთვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბუენოს აირესის პოლიციამ ჩხრეკა ლეოპოლდო ლუკეს სახლსა და კლინიკის ოფისში უკვე ჩაატარა. გამოძიების ცნობით, პოლიციის მიზანია, დაადგინოს, ოპერაციის შემდგომ მკურნალობისას ადგილი ჰქონდა თუ არა რამე სახის დაუდევრობას.
პროკურატურის განცხადებით, ბრალი ოფიციალურად მარადონას პირადი ექიმისთვის ჯერ არ წაუყენებიათ. თავად ლუკე ნებისმიერი სახის დაუდევრობას უარყოფს.
შეგახსენებთ, დიეგო მარადონა 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. დიეგო მარადონას შვილები მამის მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას ითხოვენ.











