აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი გახსნილი საარჩევნო უბნის შედეგები უკვე ცნობილია. კერძოდ, ნიუ-ჰემპშირის შტატში, დიქსვილ ნოტჩის დასახლების ხუთივე მცხოვრებმა ხმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს მისცა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
1960 წელს ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, პირველი საარჩევნო უბანი დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში იხსნება. არჩევნების ღამით ჩატარების ტრადიციას 1960 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც დიქსვილ ნოტჩის ყველა მცხოვრები, რომელსაც ხმის მიცემის უფლება ჰქონდა, სოფლის ერთ-ერთ შენობაში შეიკრიბა. მაშინ ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე წუთში დასრულდა.
დიქსვილ ნოტჩის გარდა, შუაღამით საარჩევნო უბნები ნიუ-ჰემფშირის კიდევ რამდენიმე დასახლებაში გაიხსნა.
ერთ-ერთი ასეთი დასახლება მილსფილდია, სადაც დონალდ ტრამპს მხარი 16-მა ამომრჩეველმა, ხოლო ბაიდენს 5-მა დაუჭირა.
დღეს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორს, 435 კონგრესმენს აირჩევენ.
ყოველთვის არ იმარჯვებს ის, ვისაც ყველაზე მეტი ხმა ერგო – აშშ-ს საარჩევნო სისტემის თავისებურებები











