აშშ სომხეთ-აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვარზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას ეხმაურება.
„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს სომხეთ-აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვარზე მომხდარ ძალადობის ფაქტებს. მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ ძალის გამოყენება, გამოიყენონ მათ შორის არსებული კომუნიკაციის არხები იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული შემდგომი ესკალაცია და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, მხარეებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტაში დაეხმაროს და სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მოლაპარაკებები.
ცნობისთვის, 12 ივლისს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.
ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ – სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე მომხდარ დაპირისპირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.











