ბათუმის საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩილ მამულაძემ პარტია დატოვა. ის ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩება.
როგორც არჩილ მამულაძე აცხადებს, ამის მიზეზი ბათუმში “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერების განთავსება იყო.
“პარტიის აჭარის ორგანიზაციაში ბოლო დროს მუდმივი ქაოსი და განუკითხაობაა. რაც შეეხება ბათუმში განთავსებულ მნიშვნელოვან ადგილებზე გამოკრულ ბანერს, ეს ჩემთვის მიუღებელია. კარგი იქნებოდათ ეკითხათ ჩვენთვის და რჩევა დარიგებას მივცემდით,”- განაცხადა არჩილ მამულაძემ.
ამ ფაქტს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მირდატ ქამადაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილის რუპორია.
„ქართულ პოლიტიკაში ირმა ინაშვილი არაფერს წარმოადგენს და მის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფარულ ზრახვებს ახორციელებს ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მოხვდა იგი პარლამენტში.
მიმაჩნია, რომ თავად „პატრიოტთა ალიანსმა“ და ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.
დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ და მე ვთვლი, რომ პუტინის რუსეთის რუპორმა და ბიძინა ივანიშვილის რუპორმა.
საკრებულოს “ქართული ოცნების” არცერთი წევრის განცხადება არ მომისმენია, შეიძლება იყო მაგრამ მე გამორჩა. ერთადერთი განცხადება მოვისმინეთ მთავრობის თავმჯდომარისგან, რომელიც იყო რბილი რიტორიკა”,- აღნიშნა მირდატ ქამადაძემ
ოპოზიციის ბრალდებას „ქართულ ოცნებაში“ გამოეხმაურნენ.
„სასაცილოა პატრიოტთა ალიანსი ქართულ ოცნებას” დააკავშირო და თან თქვა ტყუილი, არავის განცხადება არ გაუკეთებიაო. შეიძლება საკრებულოს წევრებს არ გაუკეთებიათ განცხადება, იმიტომ რომ სხდომა არ იყო, სადაც ჩვენს პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებდით. ფაქტზე რეაგირება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მოახდინა და გეთანხმებით, რომ ეს არასახელმწიფოებრივია. როგორც კი დაფიქსირდა ფაქტი, მისი დემონტაჟი მოხდა”,- განაცხადა დიმა ჭეიშვილმა
ინფორმაციისთვის, 29 აგვისტოს ბათუმში სხვადასხვა უბანში „პატრიოტთა ალიანსის” ბანერები გამოჩნდა წარწერით „დაიცავი აჭარა!” ,„დაიცავი შენი წილი საქართველო” და საქართველოს რუკაზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან ერთად აჭარის რეგიონი წითლად იყო მონიშნული. ეს ბანერები იმავე დღეს ბათუმის მერიის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.
ავტორი: ნაირაქ ქობულაძე











