რამდენიმე დღის წინ „ევროპული საქართველოს“, „გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებელისა“ და „ლელოს“ შესაძლო გაერთიანების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
აღნიშნული ინფორმაცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ლევან თარხნიშვილმა მედიასთან საუბრისას დაადასტურა და განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, პარტიებს შორის მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა.
რას ამბობს თარხნიშვილი პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე
„ჩვენ ვლაპარაკობთ რამდენიმე პარტიასთან შესაძლო კოოპერაციაზე და შესაძლო საარჩევნო კოოპერაციაზე, მათ შორის თქვენს მიერ ჩამოთვლილ პარტიებთან. მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა. არ ვიტყოდი, რომ ეს ასეა – ყველა, მინუს „ნაცები“. უამრავი პარტია არსებობს, რომლებიც დღეს ოპოზიციის შეხვედრაზე სხედან და რომელთანაც ჩვენ არ განვიხილავთ კოოპერაციას. საუბარი მიმდინარეობს ამ 4 პარტიას შორის.
საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული თანხვედრა. შესაბამისად, ვლაპარაკობთ იმაზე, რამდენად ღრმაა ეს თანხვედრა. ამ 4 პარტიას შორის არის გარკვეული კონსულტაციები, როგორც მიმდინარე, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე. ყველას გახსოვთ, რომ გარკვეულ შეთანხმებებს არჩევნების წინაც მოეწერა ხელი, ამ შეთანხმებას სხვადასხვა პარტიები უერთდებოდნენ, მაგრამ ეს 4 პარტია იყო მუდმივი. ეს პროცესი ახალი დაწყებული არ არის, არამედ არჩევნების წინაც იყო. რატომ არ არის სხვა პარტიები? იმიტომ, რომ სხვა პარტიებთან ასეთი თანხვედრა არ გვაქვს”,-განაცხადა თარხნიშვილმა.
რას ამბობენ “სტრატეგია აღმაშანებელში” ოთხი პარტიის შესაძლო კოალიციაზე
პარტიების შესაძლო გაერთიანების შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი. როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, პარტიების გაერთიანების შესახებ პოლიტიკოსებს შორის საუბარი არ ყოფილა.
„კატეგორიულად არ ვადასტურებ ან ინფორმაციას. ლევან თარხნიშვილი არის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი და თვითონ რას ამბობს, არ ვიცი. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, არანაირი მოლაპარაკებაზე საუბარი არ არის და საერთოდ, რა დროს ამაზე საუბარია, როდესაც ასეთი გაერთიანებულია ოპოზიცია არაერთი საკითხის გარშემო. ჩვენს მაგივრად ნურავინ ლაპარაკობს. „ლელოში“ მარტო ჩვენ არ ვიკრიბებით, შეიძლება, ვიღაცას პარტიაში რაღაცის სურვილი აქვს, მაგრამ ეს სხვა თემაა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
ინფორმაციისთვის, ოთხი პარტიის გაერთიანების შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











