„არ არის „კოვიდ 19“ -ის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესებული და ძალით ნუ აშინებენ ადამიანებს, ეს არის სახელმწიფოსა და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება“,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტი თავისი არსით არაკონსტიტუციურია და არჩევნებს უკავშირდება.
„კანონპროექტი, რომელიც შემოიტანეს ხუნდაძემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა არის ანტიკონსტიტუციური. სწორედ ამიტომ დაიხიეს უკან და ჩაწერეს, რომ მხოლოდ 15 ივლისამდე იმოქმედებდა, ახლა წლის ბოლომდე ითხოვენ ამ არაკონსტიტუციური კანონის გაგრძელებას. არ შეიძლება ამის გაკეთება ძალიან მარტივი მიზეზის გამო – მოქალაქეთა გადაადგილების, საკუთრების, შეკრების უფლებების შეზღუდვა არ შეიძლება პარლამენტის თანხმობის გარეშე. ეს პირდაპირ უკავშირდება არჩევნების პროცესს. არ შეიძლება პარლამენტმა თავად მისცეს ხმა და თავად გაუკეთოს ინიცირება კანონპროექტს, რომელიც პარლამენტს ასუსტებს და კონსტიტუციით რაც აკისრია, იმ უფლებას ართმევს. ეს ერთმნიშვნელოვანად უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს. ,”- განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების ამოქმედების უფლება 2020 წლის ბოლომდე შეიძლება გაუხანგრძლივდეს.











