თბილისსა და ბათუმში ორგანიზებული ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და დიდი ოდენობით თანხების ფარულად დაუფლებაში ბრალდებული 5 პირი დააკავეს, რომელთაგან ერთი რუსეთის მოქალაქეა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთის მოქალაქე მ.მ.-მ და ა.კ.-მ უნებართვოდ შეაღწიეს ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოს მომხმარებელთა ვებგვერდებზე და მათზე მიბმული საბანკო პლასტიკური ბარათებიდან ფარულად დაეუფლნენ 23 მოქალაქის კუთვნილ თანხებს. უკანონოდ დაუფლებული თანხების განაღდებაში კი მათ მ.მ., კ.მ., თ.პ. და გ.ჯ. ეხმარებოდნენ. მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ, ჯამში, 72 000 ლარი შეადგინა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











