„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის „ქართულ ოცნებას“ ახალი სახეების წარდგენის რესურსი არ გააჩნია. როგორც ბერძენიშვილმა „პრაიმტაიმნიუსთან“ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარების კანდიდატებად „პოსტსაბჭოთა ელიტის“ წარმომადგენლები წარადგინა.
„სიახლე არაფერია. „ოცნებას“ განახლების რესურსი არა აქვს, რაც დადასტურდა გუშინდელი მაჟორიტარებით. დიპლომების ფრიალიც კი არ დასჭირდათ, იმიტომ რომ არ გამოადგათ ჩუგოშვილის, ხულორდავასა და ქაცარავას დიპლომები.
ვისი დიპლომებითაც თავს იწონებდნენ, მათ ეს ევროპული განათლების მქონე ადამიანები არ გამოადგათ, რადგან ამ ადამიანებმა ყველაფერი ვერ იკადრეს. მათ ბევრი რამე ითმინეს, მაგრამ ბოლოს „ოცნება“ მაინც დატოვეს.
„ქართულმა ოცნებამ“ აქცენტი გააკეთა ისევ არაპოლიტიკურ წრეებზე, ქვეყანაში არსებულ ბიზნეს პოსტსაბჭოთა პოლიტიკურ ელიტაზე და ჩინოვნიკებზე, სრულიად აშკარაა, რომ „ოცნების კანდიდატები ასეთები არიან“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.
ინფორმაციისთვის, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.
იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების შემდეგ, პარლამენტი 30 მაჟორიტარით და 120 – პროპორციულ სიაში შესული შესული დეპუტატით დაკომპლექტდება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











