„გამარჯვებული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა ვალერი გელბახიანმა, პარტიაში გაწევრიანების მიზნით, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნასგან“ შეთავაზება მიიღო, თუმცა კონსულტაცია უშედეგოდ დასრულდა. ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. გელბახიანმა აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოსთან დაადასტურა და განაცხადა, რომ მას არც ერთ პარტიაში აღარ სურს გაწევრიანება.
„მე პირადად ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და ვგულშემატკივრობ ბატონ დავით ჭიჭინაძეს. მე სხვა პარტიებმაც მთხოვეს, რომ მათ პარტიაში ვყოფილიყავი, მათ შორის, “ტრიბუნამაც“, მაგრამ პარტიაში გაწევრიანებაზე და არჩევნებში მონაწილეობაზე თავს ვიკავებ.
ყველასთვის უარი მაქვს ნათქვამი და გამონაკლისი არავინ იქნება. არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ. პარტიული საქმიანობისთვის არ მცალია, მე მოქმედი ადვოკატი ვარ და ერთდროულად ყველაფერი არ გამოდის.
არა ვარ პატარა ბიჭი, რომ მანდატის ძიებაში თავი მოვიკლა. ორჯერ ნამყოფი ვარ პარლამენტში, ჩემთვის მანდატი არის შრომა და ტვირთი. ყველა შემთხვევაში ვითანამშრომლებ ოპოზიციასთან, თუკი მათ დავჭირდები,- განაცხადა გელბახიანმა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე










