აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის, ჯუმბერ ბათაძის თქმით, ამ წუთებში ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში სამძებრო სამუშაოებში 60-მდე მეხანძრე მაშველია ჩართული.
„ნიჩბებით ასუფთავებენ ყველაზე ბოლო წერტილიდან, სადაც სახლის ნანგრევი ფრაგმენტები არის ჩატანილი. 10-კაციანი ჯგუფი მუშაობს იქ, სადაც უშუალოდ მდინარე გადმოედინება, არხი უნდა გადაჭრან, რომ მდინარეს შეუცვალონ დინება.
ასევე წამოსულია თბილისიდან, გურიიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან ჯგუფები, თითო დანაყოფიდან 60 კაცამდე ყველანაირი აღჭურვილობით“, – განაცხადა ჯუმბერ ბათაძემ.
სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე, ყველა დაკარგულს არ ვიპოვით, ყველაზე მეტად სამუშაოებს ართულებს უგზოობა, რადგან მძიმე ტექნიკა ვერ მოდის შესაბამის ადგილზე და გზა თითქმის ყველა მიმართულებიდან ჩაკეტილია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. მისი თქმით, სამძებრო სამუშაოები არ წყდება.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სხვა რეგიონებიდან დაეხმარებიან. მისივე ინფორმაციით, ოჯახის წევრებთან ერთად სტუმრებიც იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი და მსუბუქი ავტომობილი წაიღო. ავტომობილიდან ერთმა მგზავრმა მეწყერს თავი დააღწია. ამ დროისთვის ხუთ ადამიანს ეძებენ.
ადგილობრივების თქმით, დაკარგულ ადამიანებს შორის, ერთი არასრულწლოვანია. ის მეცხრე კლასის მოსწავლეა. ასევე დაკარგულია ერთი ადამიანი, რომელიც მეზობელ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.
ძლიერი წვიმა აჭარაში, პირველ ოქტომბერს, საღამოს საათებში დაიწყო. დაიტბორა ქუჩები. მეწყერი კი ხელვაჩაურში დაახლოებით 23:00 საათზე ჩამოწვა.











