ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეს ნათელი მოეფინება და პროგრამისტის გარდაცვალების რეალური მიზეზი ყველასთვის ცნობილი გხდება.
როგორც რამიშვილმა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ის იზიარებს ვერსიას, რომ ბაჩალიაშვილი მის ხელთ არსებულმა გარკვეულმა ინფორმაციამ იმსხვერპლა.
„ ყველა ვერსია შეიძლება არსებობდეს. დეტალურად ვერ გეტყვით, რა ინფორმაციას ფლობდა თამარ ბაჩალიაშვილი. რაღაცას რომ ფლობდა ეს ადამიანი, ეს ნამდვილად შესაძლებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სიცოცხლე ასე ფატალურად არ დამთავრდებოდა. ვის აწყობდა კონკრეტულად მისთვის ამის გაკეთება, ვერ გეტყვით. საბოლოო ჯამში, არაფერი არასდროს იმალება. რა დროც არ უნდა გავიდეს“, – განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, რაზე მეტყველებს ფაქტი, რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს ფეხსაცმელები არ ეცვა, ადვოკატი გვპასუხობს:
„ეს არის ინსცენირება, თითქოს ბავშმა თავი მოიკლა. თითქმის ორი კვირა გავიდა და გამოძიებას რაც უნდა გაეკეთებინა, ყველაფერი არის დაგვიანებული. ეს ორ რაღაცაზე მეტყველებს – პირველი, გამოძიების გულგრილობა, არაკომპეტენტურობა და მეორე, იმისთვის, რომ გამოძიება სპეციალურად გაჭიანურდეს, გარკვეული ადამიანების ინტერესი არსებობს“, – განაცხადა რამიშვილმა.
გუშინ ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი მის მიერ საიდუმლო ფაილების გახსნას უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, ამ ფაილებში სამი ქართველი მაღალჩინოსნის შესახებ კომპრომატის შემცველი ინფორმაცია ინახებოდა.
ამ სიუჟეტის გამო, ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი დღეს შსს-ში გამოიკითხა
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











