საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებაში“ აფასებენ.
როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ჩადენილი დანაშაულების გამო, მიხეილ სააკაშვილი სამუდამო პატიმრობას იმსახურებს. რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავს.
„ვერ გაკადრებთ იმ სიტყვას, რომელიც ამ გვართან და სახელთან დაკავშირებით მომადგა. სააკაშვილი მის მიერ დახოცილ ახალგაზრდებს გააცოცხლებს?! ტერიტორიები, რომლებიც დაკარგა, დააბრუნებს?! ჯერ სააკაშვილმა გააცოცხლოს ის ბიჭები, დააბრუნოს დაკარგული ტერიტორიები და მერე ვილაპარაკოთ სააკაშვილის მიმართ შენდობაზე. სააკაშვილი ციხეში უვადო პატიმრობით უნდა იჯდეს. ის არის საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდი დამნაშავე“,- განაცხადა პაპუაშვილმა,
კითხვაზე, როგორ აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სააკაშვილის შესაძლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას, პაპუაშვილი გვპასუხობს:
„ერთი შემიძლია გითხრათ, „ნაცმოძრაობას“ ხუთი თაობით პოლიტიკაში ყოფნა აკრძალული უნდა ჰქონდეს. ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული. მე მათ ოპონენტებად და კოლეგებად ვერ/არ განვიხილავ, ამას ვამბობდი თავიდანვე და ვამბობ დღესაც.
სააკაშვილი არის ბაცილა, რომელიც თუ კარგად არ იმკურნალე, არ გაქრება. რისი ჩამომსვლელი და გამკეთებელია?! მე უფრო ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც მას, როგორც ბელადს, თვალებში შესციცინებენ.
რაც არ უნდა გააკეთოს ამ კაცმა, დაკარგოს ტერიტორიები, დახოცოს ხალხი, ეს ადამიანები ამ ბრიყვის მაინც აღფრთოვანებულები უყურებენ – აი, ეს არის სადარდებელი. მაინტერესებს, რატომ არის ჩვენი ხალხი ასე მოწამლული და არაადეკვატურად შემფასებელი გარკვეული ვითარების, ეს სამწუხაროა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ოქტომბრის არჩევნებამდე 2 თვით ადრე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება დააანონსა და განაცხადა, რომ ის ქართულ პოლიტიკაშ აქტიურად ჩაერთვება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











