ეს არის გამარჯვება საქართველოსთვის, ისტორიული სიმართლის დადგენისთვის, რომ საქართველო იყო მართალი და არის ცამდე მართალი, არის აგრესიის მსხვერპლი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთ-საქართველოს დავა, 2008 წლის ომზე, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა მისი მთავრობის მეორე გამარჯვებაა.
„მიუხედავად ივანიშვილის მთელი მცდელობებისა და მისი პატრონების მოსკოვიდან, რომ საქართველო გამოეყვანათ ომის დამწყებად, ოკუპანდატ, დამნაშავედ, ეს ჩაუფლავდათ. ეს არის უპირველეს ყოვლისა, დამსახურება თინა ბურჯალიანის, ნიკა გვარამიასი, რომელიც მაშინ იყო ამ პროცესების ინიციატორი, გია ქავთარაძის, ზურაბ ადეიშვილის და ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღეს, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.











