ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც მათ საზღვარზე სერიოზული ინციდენტების შესახებ განაცხადეს, რომელშიც მძიმე შეიარაღება იყო ჩართული. სამწუხაროა, რომ ამას მსხვერპლი მოყვა. ევროკავშირი მოუწოდებს ორივე მხარეს, შეწყვიტონ შეიარაღებული კონფრონტაცია, თავი შეიკავონ ქმედებებისა და რიტორიკისგან, რომელსაც დაძაბულობის პროვოცირება შეუძლია და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის.
ამ კონტექსტში, ორივე მხარემ უნდა გამოიყენოს მათი მექანიზმები პირდაპირი კომუნიკაციისთვის, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ისევე როგორც ეუთო-ს თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის მიერ დამკვიდრებული ფორმატი. ცეცხლის შეწყვეტის სერიოზული დარღვევა ადგილზე ეუთო-ს მონიტორინგის განახლების აუცილებლობას უსვამს ხაზს, იმდენად მალე, რამდენადაც ამის საშუალებას პირობები იძლევა.
ევროკავშირი მოუწოდებს ორივე მხარეს, მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტა, ენერგია და რესურსები კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას მიუძღვნან. ხელახლა ჩაერთონ არსებით მოლაპარაკებებში ეუთო-ს, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ეგიდით და მოამზადონ მათი მოსახლეობა მშვიდობისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 12 ივლისს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.
ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ – სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე მომხდარ დაპირისპირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.











