ბათუმის ბულვარში გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და საარჩევნო პროგრამა წარუდგინა.
ბათუმის ბულვარში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ წარადგინა საქართველოს პარლამენტის წევრობის სამი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორი კანდიდატი – ესენი არიან ლევან ვარშალომიძე, გიორგი კირთაძე, მიშა ბოლქვაძე, ბონდო თედორაძე, ელგუჯა ბაგრატიონი.
ამომრჩეველს სიტყვით მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მურმან დუმბაძეც.
„2020 წლის 31 ოქტომბერს საღამოს, 20:01 საათზე თქვენი მარჯვენით, თქვენი მარცხენათი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღუდგება საქართველოს მოქალაქეობა. 31 ოქტომბერს საღამოს, 20:01 საათზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიეცემა საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის სრული თავისუფლება. ის დაბრუნდება საქართველოში“, – განაცხადა დუმბაძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად მხარდამჭერებმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაც მოისმინეს.
„გვემუქრება ძალიან მძიმე დაავადება, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად გაავრცელეს ბათუმში, როდესაც ყველაზე დაავადებული ქვეყნიდან ხელოვნურად შემოიყვანეს დიდი რაოდენობით ე.წ. დამსვენებლები. ჩვენ გვემუქრება განადგურება ჩვენი ჯანმრთელობის, ჩვენი ხალხის, გვემუქრება განადგურება ტურისტული ინდუსტრიის, ასევე ეკონომიკის, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის, მაგრამ ყველაფერი ეს შემობრუნდება 31 ოქტომბერს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.











