გახურებულ პროცესს ცივი წყალი გადაასხა, – ასე აფასებს „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გიორგი გახარიას გადადგომას.
„გახურებულ პროცესს გადაასხა ცივი წყალი და ოდნავ დაამშვიდა. ვხედავდით მთელი ღამის განმავლობაში სამზადისს შტურმისთვის, იქ რაღაც სასწრაფოების და სპეცრაზმის მობილიზება, აქ აღმართული ბარიკადები, არ დაგაჭერინებთ, არ გაგატანთ და ა.შ. ორივე მხარე ეს დღეები ათამაშებს კუნთებს. ქართული ოცნება თავისი უგუნურობით და სიბრიყვით, ნაციონალური მოძრაობა, რომელიც იწვევს ამ სიბრიყვეზე და უგუნურებაზე ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ელისაშვილი.
დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან გადადგა. პრემიერმა ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირდა.
გიორგი გახარიას თქმით, მისი ურყევი პოზიციაა, რომ “ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ეკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი”.
გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.











