პარტია „მოქალაქეების“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა გენრი დოლიძემ საარჩევნო ბილბორდზე საკუთარი მობილურის ნომერი განათავსა. დღეიდან ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება დაურეკოს, კითხვები დაუსვას, პრობლემებზე ესაუბროს დეპუტატობის კანდიდატს.
როგორც გენრი დოლიძე აცხადებს, მოქალაქეების აზრი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ნომერს არ გამოცვლის, მუდამ ხაზზე იქნება ამომრჩეველთან.
„დღეიდან ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან ერთად მეც ვერთვები კამპანიაში. გადავწყვიტეთ, ჩვენს საარჩევნო ბანერზე საარჩევნო ნომერი კი არ იყოს, არამედ ტელეფონის ნომერი. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლება ყველანაირად გვზღუდავს და გვაცლის ხელიდან ბერკეტებს ამომრჩეველს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა.
დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა, შტაბის ნახევარი თანამშრომელი სამსახურში ვერ მოვიდა. ამ ფონზე ჩვენ ვცდილობთ გადავიდეთ ონლაინრეჟიმზე და ვიყოთ ყველასათვის ხელმისაწვდომი. უკვე მირეკავენ მოქალაქეები. ეს ძალიან საინტერესო პროცესია. ვთვლი, რომ პროგრამების შედგენა კაბინეტებში ექსპერტების მოწვევით კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ ხალხის თანამონაწილეობით პოლიტიკოსებთან ერთად. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ბათუმელს, დამირეკონ“, – ამბობს დოლიძე.
მისი თქმით, ის ყველასთვის ხელმისაწვდომია და ასე იქნება პარლამენტში მოხვედრის შემდეგაც.
„ჩვენ არ ვართ კაბინეტებში ჩაკეტილი ჰალსტუხით დაბადებული პოლიტიკანები, ვართ საჯაროები და ხელმისაწვდომები. დეპუტატი არ უნდა იყოს მენტორი. ამომრჩეველთან საუბარი უნდა იყოს ორმხრივი. გარდა იმისა, რომ ჩვენ ჩვენს ხედვებს ვუზიარებთ მოქალაქეებს, აუცილებელია მათაც მოვუსმინოთ, უშუალოდ მათ დაკვეთას ვასრულებდეთ, ხალხის თანამონაწილეობით შევადგინოთ პარლამენტში მუშაობის გეგმა. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ჩვენი ხედვები აინტერესებს, ან უსამართლო სისტემის გამო ადვოკატირება სჭირდება, ან უბრალოდ უნდათ რომ პირადად გაიცნოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, დამირეკოს! მე ყველასთვის ხელმისაწვდომი ვარ და ასე იქნება ჩემი პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, არ გამოვცვლი ნომერს და გავაგრძელებ იმ თემების ადვოკატირებას, რა დაკვეთასაც ხალხი მოგვცემს“, – განაცხადა გენრი დოლიძემ.
შეგახსებთ, კამპანია “ალეკო გისმენთ” პარტია მოქალაქეების თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა 10 დღის წინ დედაქალაქში წამოიწყო.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











