„ყველაზე დიდი ძალისხმევით ვმუშაობთ განზრახ მკვლელობის ვერსიაზე, რომელიც შესაძლოა განხორციელებული იყოს გიორგის მიმართ“, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ აჭარის ტელევიზიის ეთერში ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
მირიან ნიკოლაძე იმედოვნებს, რომ გამოძიების ამ მიმართულებით საკმარისი მტკიცებულებები მოძიებული იქნება, თუმცა ამ დროისთვის მოწმეთა ჩვენების საფუძველზე ამის დამტკიცება ოჯახს გაუჭირდება.
„პრობლემას ქმნის ის, რომ მოწმეთა ჩვენებებით სივრცე ჩაკეტილია. ეპიზოდი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის დასკვნითი სტადია, სადაც უნდა იყოს ნათელი გიორგის მიმართ განხორციელდა თუ არა ძალადობა და განზრახ მკვლელობა, აქ ჩვენებებით ვერ მივდივართ, ამიტომ დამოკიდებულები გავხდით დამატებით მტკიცებულებებზე. დამატებით მტკიცებულებებში ვგულისხმობ უპირველესყოვლისა ექსპერტიზის დასკვნებს. გვინდა, რომ ამაში ვიყოთ დარწმუნებულები და ეს ცალსახად უნდა იყოს უკვდავ-უტყუარად გამართული ეპიზოდი, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ განზრახ მკვლელობის ვერსიაზე და მოვითხოვოთ დამნაშავეთა დასჯა. არსებობს სხვა სახის ვერსიებიც, რომელზედაც ასევე ვმუშაობთ და არ გამოვრიცხავთ მათ არსებობასაც“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„ჩვენ ვმუშაობთ განზრახ მკვლელობის ვერსიაზე და ვეძებთ დამატებით მტკიცებულებებს“- ეს განცხადება გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. ამის შესახებ მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" ისაუბრა.
Posted by აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი on ორშაბათი, 06 ივლისი, 2020











