აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაწყებული რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ვაშინგტონის საოლქო საბჭომ პოლიციის რეფორმის გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
აქციები სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმდინარეობდა.
საგანგებო კანონპროექტს მხარი საბჭომ ერთხმად დაუჭირა. ინიციატივა პოლიციის მხრიდან ე.წ. „მახრჩობელა ილეთის“ გამოყენებას კრძალავს (მუხლის კისერზე დაჭერა). იმ ილეთის, რომელიც პოლიციამ ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას გამოიყენა.
ასევე, საკანონმდებლო ინიციატივა პოლიციის ოფიცრის მონაწილეობით, გარდაცვალებისა ან ძალის გამოყენების შემთხვევის შემდეგ, სამხრე კამერის ჩანაწერისა და ინციდენტში მონაწილეთა სახელების გამოქვეყნებას ითვალისწინებს.
სხვა ზომებთან ერთად, ახალი კანონი დედაქალაქის პოლიციის დეპარტამენტს უზღუდავს საბრძოლო იარაღის შეძენას, ასევე კრძალავს პოლიციაში ისეთი პირების დასაქმებას, რომლებსაც პოლიციური საქმიანობის დროს არამართლზომიერი ქმედებების ჩადენის ისტორია აქვთ.











