„რესპუბლიკური პარტია“ „ძალა ერთობაშიასთან“ გაერთიანებისთვის ემზადება. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიების გაერთიანება ოპოზიციისთვის სარგებლის მომტანი იქნება.
„ვფიქრობ, ამ კონრეტულ შემთხვევაში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უნდა იმოქმედოს პრაგმატულად. პრაგმატული მოქმედება ნამდვილად ნიშნავს გაერთიანებას. ჩვენ არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ ქართველი ხალხი კვდება სიხარულით, რათა „რესპუბლიკელები“ პარლამენტისთვის აირჩიოს“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილი სააგენტოსთან ოპოზიციაში არსებულ უთანხმოებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მის კოლეგებს შირის ნორმალური პროცესები ვითარდება.
„ეს არ არის სერიოზული. ეს არის ხელისუფლების მიერ გაბერილი ინფორმაცია. რა ნიშნავს უთანხმოება, ოპოზიციაში არის მსჯელობა, ვინ, სად, როგორ უნდა წამოაყენოს კანდიდატურები. ოპოზიციამ აჩვენა თანხმობა თბილისთან დაკავშირებით.
რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, საერთო კანდიდატებს შეათანხმებს თუ არა ოპოზიცია, ეს არის ცალკე გადასაწყვეტი. ეს არ არის უთანხმოება. ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური კამათი.
ჩვენ ვაჩვენეთ თანხმობა ყველაზე რთულ ადგილას, თბილისში. ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ყველგან, სადაც კანდიდატურებს დააყენებს“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











