თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს.
როგორც ენდელაძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში არსებული მონაცემები პანიკის საფუძველს არ იძლევა. მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, პროცესები კონტროლირებადია.
„კორონავირუსის შემთხვევები ძლიერად არ იმატებს. ბოლო პერიოდში ვირუსის მაჩვენებელი ორ ათეულს აღარ ასცდება, რაც ძალიან კარგია. ჩვენ ვირუსის ასეთ მატებას ველოდებოდით, თუმცა ცოტა შიში გვქონდა, რომ მეტი შემთხვევა დაფიქსირდებოდა.
კორონავირუსის დღევანდელი მაჩვენებლები საგანგაშო ნამდვილად არ არის, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი თავისით არ გაქრება. მთავარია, პროცესები დრამატულად არ განვითარდეს.
ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენ ვირუსს სრულად ვერ გავაქრობთ, რადგან ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ, ამიტომ რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია“,- განაცხადა ენდელაძემ.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე










