იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს კორონავირუსის დროს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით პროკურატურაში დაკითხავენ. ინფორმაციას France-24-ი ავრცელებს.
გამოძიება ლომბარდიის რეგიონში მდებარე ქალაქ ბერგამოს პროკურატურამ დაიწყო. აქვე შეგახსენებებთ, რომ ლომბარდიის რეგიონი კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა.
გამომძიებლებს აინტერესებთ, რატომ არ გამოცხადდა თებერვალში ე.წ. წითელ ზონად ქალაქები ნემბრო და ალზანო. რეგიონული ხელისუფლება და ცენტრალური მთავრობა ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
პროკურორმა მარია კრისტინა როტამ უკვე დაკითხა ლომბარდიის რეგიონის მეთაური ატილო ფონტანა. მათი მტკიცებით, ეპიდემიის დროს კონკრეტული რეგიონების ჩაკეტვა ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტი იყო.
ლომბარდიის 14 პროვინცია და მეზობელი რეგიონი ვენეტო, პიემონტი და ემილია რომანა 8 მარტს დახურეს. ორ დღეში კი კარანტინი სრულიად იტალიაში გამოაცხადეს.
ბერგამოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ცენტრალურმა მთავრობამ სწრაფად ვერ იმოქმედა. თავის მხრივ, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ თუ ბერგამოს ადგილობრივ ხელისუფლებას სურდა, მას თავადაც შეეძლო, კონკრეტულ დასახლებებში კარანტინის გამოცხადება.
მინისტრთა კაბინეტთან მოქმედი სამეცნიერო კომიტეტი ჯერ კიდევ 3 მარტს აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ ბერგამოს რამდენიმე ქალაქის ჩაკეტვა იყო საჭირო.
მანამდე მთავრობის მიერ კორონავირუსის ეპიდემიის დროს გადადგმული ნაბიჯების შესწავლა კორონავირუსის შედეგად დაღუპული 50 ადამიანის ახლობლებმა მოითხოვეს. მათ საჩივარი პროკურატურში შეიტანეს. მსგავსი სარჩენი იტალიის ისტორიაში პირველია.











