ირანელი მამაკაცი, მაჰმუდ მოსავი მაჯდი, რომელიც აშშ-სა და ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული, სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას israelhayom-ი ავრცელებს.
ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მაჰმუდ მოსავი მაჯდი, რომელიც სამართალდამცავებმა 2018 წელს დააკავეს, აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან და ისრაელის „მოსადთან“ იყო დაკავშირებული.
მას ბრალად აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის (CIA) გენერალ ყასემ სულეიმანის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა ედებოდა.
შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.










