აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სარჩელის მიუხედავად, ჯონ ბოლტონის მემუარების წიგნი სასამართლომ არ დაბლოკა.
გადაწყვეტილება მოსამართლე როის ლამბერტმა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ Freenews-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის დეპარტამენტის სარჩელის თანახმად, ჯონ ბოლტონის წიგნი, რომელიც თეთრ სახლში მისი მუშაობის პერიოდს ეხება, საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.
16 ივნისს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ვაშინგტონის სასამართლოს სარჩელით მიმართა და ბოლტონი შრომითი ხელშეკრულების პირობების აშკარა დარღვევაში დაადანაშაულა.
ჯონ ბოლტონის წიგნში „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ მისი დონალდ ტრამპთან მუშაობის პერიოდია აღწერილი.
ბოლტონის მემუარების ნაწყვეტები Wall Street Journal-ში, New York Times-სა და Washington Post-ში გამოქვეყნდა.
წიგნის სრული ვერსია 23 ივნისს უნდა გამოვიდეს.
გამომცემლობა Simon & Schuster-ის ინფორმაციით, წიგნი შეიცავს ინფორმაციას ტრამპის „არათანმიმდევრული გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ“ და ეს არის წიგნი, „რომლის წაკითხვაც ტრამპს არ სურს“.
დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი 2019 წლის სექტემბერში გარკვეულ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო გაათავისუფლა.
ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ – რა გავიგეთ ჯონ ბოლტონის მემუარებიდან – მთავარი მესიჯები











