„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგროც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიის კონტრაქტორების ერთმა ნაწილმა ორი დღეა უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე, რითაც ხელშეკრულების პირობები დაარღვია და კომპანიის მიმდინარე საქმიანობა შეაფერხა.
კომპანიაშ აცხადებენ, რომ ისინი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე არ ასრულებენ მოვალეობებს და ასევე, სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში.
„კომპანიის კონტრაქტორების ერთმა ნაწილმა ორი დღეა უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე. მათი ვალდებულებები განსაზღვრულია კონკრეტული ხელშეკრულებით, რომლის პირობებსაც თავიანთი ქმედებებით არღვევენ. ერთი მხრივ, ისინი არ ასრულებენ მოვალეობებს, თანაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მეორე მხრივ კი, სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც კომპანიის მიმდინარე საქმიანობას აფერხებენ. მიუხედავად ამისა, კომპანიის მენეჯმენტი მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს შექმნილი ვითარების განსამუხტად და პრობლემური საკითხების ოპტიმალური გზით გადასაწყვეტად“,-აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტის კონტრაქტორი თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი კომპანიისგან ანაზღაურების მომატებასა და კუთვნილ შვებულებას ითხოვენ.










