პარლამენტში შესვლა ყველას უნდა, თქმას ვერ ბედავენ, იმის ეშინიათ, რა დღეშიც ჩვენი პარტია ვართ, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” მოლაპარაკებებზე იმას თმობს, რაც საქართველოში 30 წელია სანატრელია.
„ჯვარს მაცვეს და ტყავი გაგვაძრეს მე და იოსელიანს და ჩვენ პარტიას. მინდა აგიხსნათ, რასთან გვაქვს საქმე, არანაირი ბანაკი არ მაქვს და ჩემ გარშემო არ ვაგროვებ, უბრალოდ, იდენტური პოზიციები აქვს იმას, ვისაც აქვს სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება პოლიტიკისადმი და ამ ქვეყნისადმი, არეულობა, რევოლუცია, ვისაც არ უნდა. მე პარლამენტში ვერავინ დამინახა, არც ლევან იოსელიანი და არც მე იქ არ ვყოფილვართ, ჩვენ მანდატები გვაქვს, ჩვენ იქ არ მივალთ და პარლამენტში არ შევალთ, თუ არ გაფორმდება შეთანხმება, შეთანხმება მომავალზე. იმ შეთანხმებაზე „ქართულ ოცნებას“ ვათმობინებთ ისეთ რაღაცებს, რაც 30 წელია სანატრელია საქართველოში და რაც მთავარია, თმობს. მე ვარ აგერ ცოცხალი მოწმე, ჩემ თვალწინ მიდის ეს პროცესი, მეც ვარ ერთ-ერთი, ვინც ველაპარაკები, ვაწვები „ქართულ ოცნებას“, იხევენ უკან, კომპრომისზე მიდიან”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.










