ჩვენ არ ვაპირებთ თავი დავუხაროთ გავრილოვს და ვართ ამაყები, რადგან ვართ სიმართლის და სინათლის მხარეს,- ამის შესახებ „ტვ.პირველის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა
მისი თქმით, ხელისუფლება ვერ დაიჭერს ნიკა მელიას, თუ შეეცდებიან, მაშინ ყველა მხარდამჭერის დაკავება მოუწევთ.
„შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეს ის სასამართლოა, რომელმაც გაამართლა ფარცხალაძე“, – განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, პარლამენტის დეპუტატები რუსეთის დუმის წარმომადგენელს ალექსეი გავრილოვს ექვემდებარებიან. „მე სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს მეგობარ ნიკა მელიას და ეს არის მნიშვნელოვანი აქტი საქართველოს ისტორიაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავდახრილად არ გავატანოთ ნიკა მელია იმ სამარცხვინო მოსამართლეს, რომელიც არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.
„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.
12 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოში წარსადგენად პარლამენტს მიმართა.











