აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონმა გუშინ მიიიღო “ფაიზერის” ვაქცინა.
ხვალიდან კი, ვაქცინაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო “ასტრაზენეკათი” კი კლინიკა “მედცენტრში” მოხდება.
ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძის განცხადებით, “ასტრაზენეკასთან” შედარებით ინტენსიურად მოხდა ჯავშანის განხორციელება “ფაიზერზე“.
„ეს ლოგიკურიც იყო, მაგრამ ასტრაზენეკათი ვაქცინაციაც უკვე წავიდა კარგი ტემპით. მხოლოდ დღეს დილის საათებში 30 პირი არის აცრილი” – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
მინისტრის ინფორმაციით, რეგიონში არსებული ეპიდსიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ არა საგანგაშო.
შემთხვევების რაოდენობის მატება კი, არის დაკავშირებული რეკომენდაციების უგულებელყოფასთან.
„გასული 24 საათის განმავლობაში 21 შემთხვევა გვქონდა. ზოგადად, 40 შემთხვევამდე, რაც ჩვენ გვაქვს ყველაზე ხშირად, რაიმე საგანგაშო ციფრს არ წარმოადგენს. მაგრამ დაინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი უკვე მიუახლოვდა და ზოგიერთ დღეებში გადაცდა კიდეც, რაც არის მეტად საყურადღებო. ის, რომ ვაქცინაცია დავიწყეთ, ეს არ არის დამშვიდების წინაპირობა, რადგან შემთხვევების რაოდენობა გარკვეულ დღეებში იმატებს და ამას ზოგ შემთხვევაში აქვს კლასტერული ხასიათი, თუმცა ძალიან იშვიათად.
იცით ორი სკოლა მთლიანად ონლაინსწავლებაზეა გადასული. აქედან გამომდინარე, შემთხვევების რაოდენობა რა თქმა უნდა მატულობს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ნაკლებად იცავს უკვე წესებს.
ამიტომ ჩვენ ვიდრე მოსახლეობის 60% ვაქცინაციის მაჩვენებელს არ მივაღწევთ, აუცილებელია, რომ ვატაროთ ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია და აუცილებლად სოციალურ შეკრებებს მივცეთ მინიმალური ხასიათი.
რაც შეეხება წერტილოვან რაიმე შემზღუდავ ღონისძიებებს, ნამდვილად არ იგეგმება. ვინაიდან ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არის 1% ფარგლებში და არის დამაკმაყოფილებელი ამ ეტაპზე” – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით აჭარაში 470-ზე მეტ პირს ჩაუტარდა “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია.
“ფაიზერით” ვაქცინაციისთვის დაახლოებით 1300-მდე ჯავშანი არის უკვე გაკეთებული.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











