Estadio Deportivo-ს ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთთან თამაშისა და გატანილი გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შეტევის ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას წამყვან ევროპულ ლიგაში გადასვლა დროის საქმეა. ავტორი დარწმუნებულია, რომ კვარაცხელიას დიდი ფეხბურთის სათამაშოდ ყველა თვისება გააჩნია.
„კვარაცხელიას შესანიშნავი ტექნიკა და საბაზისო კარგი სიჩქარე მას თანამედროვე თავდამსხმელის პროტოტიპად აქცევს. ქართველი დუელებში ინდივიდუალურად მონაწილეობას ბედავს და სხვადასხვა ფინტების სიმრავლით გვაოცებს. ქართველი მოთამაშე შემდეგი ნაბიჯისთვის ნამდვილად მზად არის“, – წერს Estadio Deportivo.
ავტორის აზრით, გრანდამდე ქართველ ტალანტს შუალედური დონის კლუბში თამაში დასჭირდება.
„ზაფხულში მისი გზა უმაღლესი ევროპული ლიგებისკენ მიდის. მისი ხელშეკრულება რუსულ კლუბთან ძალაში 2024 წლამდეა. თუ მისი მრჩეველი მამუკა ჯუღელი თავისას მიაღწევს, თავდამსხმელი, რომელიც ორივე ფეხს იყენებს, ადრე თუ გვიან ელიტაში ითამაშებს. ჯუღელი კი დარწმუნებულია, რომ კვარაცხელია „რეალში“ ან „ბაიერნში“ აღმოჩნდება…











