თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მკაცრად დასაჯა.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, 40 წლის სპეციალისტმა ეროვნულ ლიგაში 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ამასთან, ჭიაბრიშვილს ჯარიმის სახით 5000 ლარის გადახდაც მოუწევს.
საქმე ეხება ეროვნული ლიგის მეათე ტურში, „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივის“ დაპირისპირებას, რომელიც ჭიაბრიშვილის გუნდმა 0:1 წააგო.
შეხვედრის მიწურულს, 40 წლის მწვრთნელს, შეხვედრის მთავარ მსაჯთან ინციდენტი მოუვიდა და მას ფიზიკურადაც კი შეეხო. შედეგად, ჭიაბრიშვილმა არბიტრისგან წითელი ბარათი, ფედერაციისგან კი მკაცრი სანქცია დაიმსახურა.











