ამ ეტაპზე ხუთი პარტია, რომელიც ხვალ მემორანდუმს აფორმებს, ამით გარკვეულწილად, ფორმალურადაც მოიჭრის გზას, – ამის შესახებ საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების სპეციალისტმა, კონსტიტუციონალისტმა, ლევან ბოძაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.
„ასეთი რადიკალური ნაბიჯებიდან და მიდგომებიდან გამომდინარე, ისინი უკან დასახევ გზას უფრო მეტად ავიწროვებენ. ეს უკან დასახევი გზა პარლამენტში შესვლაა იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამას გარკვეულწილად მოითხოვს. ეს ალბათობაც არ უნდა გამოვტოვოთ“, – განაცხადა ბოძაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, თავიანთი ამომრჩევლების კეთილგანწყობასაც დაკარგავენ იმ თვალსაზრისით, რომ მათ ამ მხარდაჭერის პოლიტიკურ შედეგში გარდასახვა ვერ მოახერხეს.











