3 ნოემბერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არგენტინაში, ულაძიმირ ოსტაპენკო თანამდებობიდან დაითხოვა, მის მიერ დიპლომატიური სამსახურისათვის შეუფერებელი საქციელისთვის.
რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის ცნობით, ოსტაპენკომ გააპროტესტა ხელისუფლების ქმედება 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ და თანამდებობიდან წასვლის თხოვნით ორჯერ მიმართა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს. ბოლო ვიდეომიმართვა კი დიპლომატმა ჩაწერა თეთრ-წითელი-თეთრი დროშის ფონზე.
ლუკაშენკომ ელჩის გათავისუფლების ბრძანებას ხელი 3 ნოემბერს მოაწერა. ამ ბრძანების თანახმად, ულაძიმირ ოსტაპენკოს ასევე ჩამოერთვა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.











